საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.05.2014
2014 წლის 17 მაისს, ქობულეთში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მოსამართლეებისათვის სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინიციატივით გაიმართა და საარჩევნო დავების თემატიკას დაეთმო.
მოსამართლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამგვარი თანამშრომლობა სასარგებლოა როგორც მოსამართლეებისთვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც. სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხების გაანალიზება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ტიპის დავებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
შეხვედრაზე ექსპერტებად მიწვეულები იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე, ასევე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გიორგი კალანდარიშვილი.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა 70-მდე მოსამართლე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა