საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.06.2013
2013 წლის 23-26 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელშიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები მონაწილეობენ.
საერთაშორისო კონფერენცია მონტენეგროს რესპუბლიკაში, ქალაქ ბუდვაში გაიმართება.
კონსტანტინე კუბლაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, როგორც სასამართლო ხელისუფლების,ასევე, მონტენეგროს რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კონფერენციის დღის წესრიგის თანახმად, ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი შეხვდება თავის კოლეგას, მონტენეგროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე დროს, მონტენეგროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ვესნა მედენიკას, მონტენეგროს პრეზიდენტს ბატონ ფილიპ ვუჯანოვიჩს, იუსტიციის მინისტრს ბატონ დუშკო მარკოვიჩს, მონტენეგროს რესპუბლიკაში აკრედიტერებულ საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება საკითხები, როგორიცაა: სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე სასამართლო სისტემის განვითარებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი და მნიშვნელობა, გარე ზემოქმედებისგან სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის მექანიზმები, თანამშრომლობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან, სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებს შორის ურთიერთდახმარების მნიშვნელობა.
კონფერენცია სამ სამუშაო დღეს გაგრძელდება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა