საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 27.02.2013
2013 წლის 27 თებერვალს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (JIPA) სტუდენტებთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს მიერ გამოტანილი კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად გააკრიტიკა.
მინისტრის კრიტიკის ობიექტი ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახლდათ. ღარიბაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თითქოსდა, სამართალდამცავების მიერ დაკავებულ დამნაშავეებს სასამართლო დაუსაბუთებლად და უკანონოდ ათავისუფლებს.
თუმცა საქმის რეალური სურათი სრულიად განსხვავებულია.
2013 წლის 15 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულებს ბაჩანა ჯანჯღავას და გოჩა ჯაკობიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალათ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის პოზიცია, რომ ბრალდებულები ნებაყოფლობით, მათივე სურვილით წაყვნენ პოლიციის მუშაკებს სენაკის რაიონიდან ქ.ბათუმში, რადგან მითითებული ფაქტი სადავოდ გახადა დაცვის მხარემ და მის მიერ წარდგენილი მასალები ბრალდების მხარის მოსაზრების საპირისპირო ფაქტზე უთითებდა.
სასამართლომ დაადგინა საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 196-ე მუხლებით გათვალისწინებული დაკავების და სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენის ვადის დარღვევა, რაც გახდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
ამავე საქმეზე ბრალდებულია მე-3 პირი, რომლის დაკავება განხორციელებულია კანონით დადგენილი წესით და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
მინისტრს რატომღაც ეს კონკრეტული ფაქტი აღარ უხსენებია.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოს განჩინება ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ინფორმაციისთვის: 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პროკურატურამ ყაჩაღობის ბრალდების გამო შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და 51 პირის მიმართ მოითხოვა პატიმრობა, აქედან სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა 50 პირის მიმართ დააკმაყოფილა და მხოლოდ ერთს შეუფარდა გირაო.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა