საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.11.2019
დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით და უზენაეს სასამართლოსთან პარტნიორობით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის თემაზე სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა, თსუ-ს პროფესორი პაატა ტურავა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსამართლეთა თანაშემწეები.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა და IRZ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა II და სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი ფრანკ ჰუფველდი.
თემაზე ,,სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გერმანიაში“ მონაწილეებს მოხსენება წარუდგინა კასელის მხარის სასამართლოს მოსამართლემ, დოქტორმა ოლივერ ალდეამ. მომხსენებელმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები გერმანიაში, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე (განსაკუთრებით სახელწიფო ორგანოს პასუხისმგებლობა), პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მართლზომიერ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიერ საკუთრების ხელყოფაზე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მოთხოვნა ევროპული სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამომწვევი შემადგენლობისა და სასამართლო კომპეტენციების მიმოხილვა. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამომწვევი შემადგენლობების განხილვა ცალკეული შემთხვევების საფუძველზე. მოსამართლე ოლივერ ალდეას მიერ წარმოდგენილი მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ცალკეულ საკითხებზე კითხვა პასუხის რეჟიმში.
თემაზე ,,სამართლებრივი საფუძვლები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა საქართველოში“, - მონაწილეებს მოხსენება წარუდგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა ტურავამ. მის მოხსენებაში აქცენტები გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტერმინოლოგიური გამიჯვნა - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქართული მოდელი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა თუ სოლიდარული პასუხისმგებლობა? სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები - სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ურთიერთმიმართება, სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის ელემენტები(საკ-ის 208-ე და სსკ-ის 1005-ემუხლები) და სხვა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია. სემინარმა მუშაობა დღეს დაასრულა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა