საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.11.2019
საქართველოს უზენაესი სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელი, მოსამართლე ნინო ბაქაქური 2019 წლის 30-31 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ვენეციაში მართლმსაჯულების ხარისხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა.
2018 წელს აღნიშნულმა ჯგუფმა სასამართლო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის კოდექსი შეიმუშავა (European Ethical Charter on the Use of Artificial Intelligence in Judicial Systems), რომელმაც CEPEJ-ის პლენარულ სესიაზე დამტკიცების შემდეგ ფართო აღიარება მოიპოვა ევროპის მასშტაბით სასამართლოებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაინტერესებულ სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. ამჯერად სამუშაო ჯგუფმა ეთიკის კოდექსის კომენტარები და პრაქტიკაში მისი გამოყენების დეტალური მეთოდილოგიური და ოპერაციული სახელმძღვანელო მოამზადა, რომელიც წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი სასამართლოებისათვის.
სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ასევე სახელმძღვანელო მოსამართლეთა იზოლირების პრობლემის დაძლევისა და მათ შორის ცოდნის გაზიარების წახალისებით მოსამართლეთა გამოცდილებისა და უნარების განვითარების შესახებ.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ვენეციის შეხვედრის თემები იყო: ა) მოსამარათლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში გენდერული მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები; ბ) სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოდავე მხარეთა ცენტრალური როლის უზრუნველყოფა; და გ) მოდავე მხარეებთან ნათელი და მარტივი კომუნიკაციის, კონკრეტულად კი სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სასამართლოში საქმის განხილვის სტადიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მეთოდების დახვეწა.
CEPEJ - ის მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფი (CEPEJ-GT-QUAL) შედგება ევროპის საბჭოს 6 ექპერტისაგან, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა