საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.03.2019
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიწვევით მონაწილეობდა მინისტრთა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორმალურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მხრიდან მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან თავისუფლება) მუხლების დარღვევის ფაქტების ეფექტიან გამოძიებას.
დისკუსია გაიმართა 2019 წლის 12 მარტს ქალაქ სტრასბურგში და წინ უძღოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მორიგ შეხვედრას წევრი ქვეყნების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
დისკუსიის მიზანი იყო ევროკონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის ეფექტიანი გამოძიების თვალსაზრისით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ე.წ. კარგი პრაქტიკის, გაზიარება. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ელჩები, იუსტიციის სამინისტროების, პროკურატურისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები.
მოსამართლე ნინო ბაქაქურთან ერთად დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოსთან არსებული წამების საწინააღმდეგო კომიტეტის თავმჯდომარემ მიკოლა გნატოვსკიმ და გაერთიანებული ერების იძულებითი გაუჩინარების კომიტეტის წევრმა ემანუელ დეკომ.
მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დისკუსია გახსნა გამოძიების ეფექტიანი ზედამხედველობის თემაზე. საკუთარ მიმართვაში იგი შეეხო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სასამართლოს, პროკურატურის, სახალხო დამცველისა და პარლამენტის როლს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ევროკონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის გამოძიების ზედამხედველობის პროცესში. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომლებიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მთელ რიგ ახალ მექანიზმებს გამოძიების პროცესზე პროკურატურისა და სასამართლოს ეფექტიანი ზედამხედველობის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით.
საქართველოს მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა