საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 31.12.2018
20 დეკემბერს, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერების“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შეიქმნა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს ინტენსიური მუშაობის შედეგად. ღონისძიება მიეძღვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის (HUDOC-ECHR) 20 წლისთავს.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ხელშეწყობით, 2017 წელს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო მონაცემთა ბაზის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად დასრულდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო სისტემის ქართულენოვანი ვერსიის შემუშავება. ქართულად ითარგმნა მონაცემთა ბაზის გამოყენებისინსტრუქციები.
ამავდროულად, პროცესის ხელშეწყობისთვის 2017 წელს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მიერ ქართულად ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 45 გადაწყვეტილება და მომზადდა შესაბამისი შეჯამებები.
დამატებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ანალიტიკური რგოლების მიერ ითარგმნა ევროსასამართლოს 100-ზე მეტი გადაწყვეტილება თუ შემაჯამებელი დასკვნა. პროექტის შემდგომ განხორციელებას მხარი დაუჭირა აგრეთვე ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ექსპერტმა ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ამჟამად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო მონაცემთა ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, თურქულ, ესპანურ და უკვე ქართულ ენებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის ,,პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მიერ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა