საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 09.11.2018
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი და ამავე პალატის მოსამართლეები მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და რუმინეთის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სენატორი ტიტუს კორლატეანი, შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მონიტორინგის კომიტეტის წევრი კერსტინ ლუნდგრენი, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე და მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია რეგულარულად სტუმრობს საქართველოს მოქმედი ფორმატის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს საქართველოს ევროსაბჭოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ახდენენ მონიტორინგს ყველა იმ პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს და აკეთებენ სიღრმისეულ ანალიზს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებით და კონკრეტულად იმ მოსაზრებებით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული მართლსმსაჯულების სისტემა გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი.
ქართველმა მოსამართლეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხი გასცეს დელეგაციის წევრთა შეკითხვებს, გაუზიარეს კოლეგებს მოსაზრებები თუ რა უნდა გაკეთდეს დამატებით სასამართლო ხელისუფლების გაძლერებისთვის საქართველოში.
დელეგაციის წევრთა ინტერესი გამოიწვია სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ფუნქციონირების თემამ და ხარვეზებმა, რომელიც ჯერ კიდევ ახლავს ამ მეთოდის დანერგვას სასამართლოში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა