საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.10.2018
დღეს, 26 ოქტომბერს,საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროკავშირის სამართლებრივი პროგრამების მენეჯერი პიტერ დენისი მიიღო.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვან ასპექტებზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ევროკავშირის ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს ახალი წესის მიხედვით აირჩევენ და მათი რიცხვი 28 მოსამართლით განისაზღვრება. ელჩი კარლ ჰარცელი დაინტერესდა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. მზია თოდუამ დეტალურად ისაუბრა მოსამართლეთა შერჩევის მთავარ კრიტერიუმებზე პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაზე, სტუმრებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები არსებულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით და მათი სრულყოფის გზებზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამების სრულყოფაზე, მოსამართლეთა სწავლებისა და ტრენინგების გაგრძელების აუცილებლობაზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა