საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.07.2018
2018 წლის 21 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შემოვიდა თ. ა-ის კერძო საჩივარი (საქმე №ას-687-687-2018).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით თ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დადგინდა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღება მ. ბ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თ. ა. აღდგენილ იქნა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ტოლფას - განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, თანამდებობაზე და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ თ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 11 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - 1500 ლარის გათვალისწინებით.
2018 წლის 15 მარტს მ. ბ-მ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თ. ა-ის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით მ. ბ-ს განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3, 3.3.1 და 3.3.2 პუნქტები და დადგინდა ამ ნაწილში საქმის თავიდან განხილვა საერთო წესის დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით თ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და მ. ბ-ს განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა