საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.05.2018
მიმდინარე წლის 15-17 მაისს სტრასბურგში, გაიმართა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის წევრთა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ნინო ბაქაქური.
შეხვედრა მიეძღვნა ევროპის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ეფექტიანობისა და ხარისხის შეფასების 2018 წლის ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ პროცესს და იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ პროცესში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემების წინაშე დგას.
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2002 წელს და შედგება ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის მიერ დანიშნული ექპერტებისაგან. კომისიის მთავარი დანიშნულებაა შეაფასოს წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ეფექტიანობა და შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები აღნიშნული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, რათა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაცია.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად კომისია საერთო სტატისტიკური კრიტერიუმებისა და შეფასების ფორმების გამოყენებით ყველა წევრი ქვეყნიდან აგროვებს და აანალიზებს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მონაცემებს მართლმსაჯულების სისტემის ცალკეული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რის შედეგადაც იქმნება ზოგადი სურათი - რა მდგომარეობაშია ამა თუ იმ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა, როგორია მისი ეფექტიანობისა და ხარისხის მაჩვენებლები, ასევე რა მდგომარეობაშია ამ თვალსაზრისით მთელი რეგიონის სისტემები. გამოიკვეთება კონკრეტული პრობლემები, როგორც ქვეყნებისთვის, ისე საერთო ევროპული მასშტაბით.
აღნიშნულის საფუძველზე კომისია შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებს, დასკვნებს და ზოგად რეკომენდაციებს. იგი ასევე აქვეყნებს ანგარიშებს, სტატისტიკას, საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშებს და სახელმძღვანელო მითითებებს.
ევროპის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ეფექტიანობისა და ხარისხის შეფასების ანგარიში მზადდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. 2018 წლის ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნება მიმდინარე წლის ოქტომბერში და მოიცავს ევროპის ქვეყმების მართლსმსაჯულების სისტემების მდგომარეობას 2016-დან 2017 წლამდე პერიოდში.“
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა