საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.07.2017
20 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა’’, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოსა’’ და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) მხარდაჭერით, თემაზე: ,,დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივი საუძვლები და ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ ზვიად კორძაძემ და ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამების მენეჯერმა გიორგი ბურჯანაძემ.
დანაშაულის პროვოკაციის საკითხზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ისაუბრა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ცხვედიანმა, ქართული სასამართლო პრაქტიკისა და საკანონმდებლო ნორმების მიმოხილვაზე და სიფას საკანონმდებლო ცვლილებების რეკომენდაციებზე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა სიფა-ს წარმომადგენელი დავით კვაჭანტირაძე, საფრანგეთიდან მოწვეულმა მოსამართლემ, ემერიტუსმა მარსელ ლემონდმა კოლეგებს მოაწოდა ინფორმაცია თემაზე: ,,ევროპული პრაქტიკა: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება“.
თავის გამოსვლაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დეტალურად შეეხო დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივ საფუძვლებს და აღნიშნა, რომ:,, დანაშაულის პროვოცირების საქმეები ერთი-ერთი იმ გამონაკლისთაგანია, სადაც ევროპული სასამართლო იკვლევს ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში დადგენილი ფაქტების სისწორეს. აღნიშნული გამომდინარეობს დანაშაულის პროვოცირებისაგან დაცვის აბსულუტური ხასიათიდან, რაც თავის მხრივ მე-6 მუხლით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია, მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით სენსიტიურ, აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, კერძოდ დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივი საფუძვლებისა და მასთან დაკავშირებული სხვახადსვა პრობლემატიკის კონტექსტში.“ ნინო გვენეტაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობის ფარგლებშიც საინტერესო იქნება ამ თემატიკაზე ერთობლივი მსჯელობა და გამოცდილების გაზიარება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა