საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 09.12.2016
2016 წლის 9 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა ინგლისის უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, ექსპერტ მიშელ ფარნელთან და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი მზია თოდუა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციის იურიდიული მხარდაჭერისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების დაახლოების პროცესის განხორციელების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. კერძოდ, მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გეგმის (Road Map) შემუშავებისა და ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტების მოთხოვნებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის თაობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, უცხო ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებულ საწარმოებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავების აუცილებლობა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უცხოელი ექსპერტის მიერ შემუშავებულ საბოლოო რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დეტალურად გაეცნობიან და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე; საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები: ნათია გვაზავა და თორნიკე რევიშვილი; აგრეთვე, აზიის განვითარების ბანკის პროექტის კოორდინატორი მარიამ რუსიშვილი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა