საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.11.2016
2016 წლის 28-29 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თაობაზე უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარს უძღვებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე და საერთაშორისო მოსამართლე, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, აგრეთვე, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონი რენატე ვინტერი.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს წარმომადგენლები, აგრეთვე, ანალიტიკური განყოფილებისა და სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების თანამშრომლები სიღრმისეულად გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტრუმენტებსა და პრინციპებს. ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ მონაწილეებთან დეტალურად განიხილა საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და აღნიშნული კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი. ქალბატონმა ქეთევან თავართქილაძემ დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ და ამ მხრივ მიმოიხილა NICHD პროტოკოლის ძირითადი კონცეფციები.
მონაწილეებმა ჰიპოთეტური კაზუსების მაგალითებზე იმსჯელეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების გზებზე.
სემინარის დასასრულს შემაჯამებელი დისკუსია გაიმართა.
ორდღიანი სემინარი გაიმართა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის - „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა