საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.12.2011
ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება უსაფუძვლო ბრალდებები უზენაესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 5 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც
ტელეკომპანია „გურიის“ ყოფილი დირექტორის მერაბ სიორიძის წინააღმდეგ შემოტანილ საკასაციო საჩივარს ეხებოდა.
უზენაესი სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით.
აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 24 ივლისს სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც მერაბ სიორიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მერაბ სიორიძის ადვოკატმა მისი მიღებიდან 4 წლის გასვლის შემდეგ გაასაჩივრა, იმ საფუძვლით, რომ მერაბ სიორიძემ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და სასამართლო უწყება არ ჩაბარებია. ამასთან იგი 2008 წლამდე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი მიიღო განსახილველად და 2010 წლის 11 თებერვლის განჩინებით გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მხარეებმა დავა უზენაეს სასამართლოში გააგრძელეს. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წელს კანონიერად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მერაბ სიორიძეს საცხროვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია, რისი ვალდებულებაც მას საპროცესო კანონმდებლობით ეკისრებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანოს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებსა და არსებულ პრაქტიკასთან.
დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად იხილონ უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა