საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.06.2016
2016 წლის 28 ივნისს რუმინეთის იუსტიციის მინისტრი, ალექსანდრა რალუკა პრუნა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უზენაეს სასამართლოს ეწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების დეპარტამენტის დირექტორი, ვივიანა ონაჩა; კომუნიკაციების კონსული, იულია კოსტეა; მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, ლორინ ოვისიუ ჰაგიმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. შეხვედრას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მზია თოდუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა საკასაციო სასამართლოს, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს როლზე.
შეხვედრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ მიმოიხილა სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც შეეხება: საქმეთა ელექტრონული პრინციპით განაწილების წესის ამოქმედებას, დისციპლინური პროცედურების დახვეწას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა ელექტრoნული საძიებო სისტემის HUDOC-ის ქართული ანალოგის შექმნასა და საერთო სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების პერსონალურ მონაცემთა დაცვით გამოქვეყნებას. მზია თოდუამ დელეგაციის წევრებს აგრეთვე მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სასამართლოების პრაქტიკაში საქმეთა განხილვის ვადებსა და მოსამართლეთა დატვირთულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და კონსტრუქციულ ფორმატში განვითარდება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ქართველი მოსამართლეების თანხლებით, რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მასში განთავსებული მართლმსაჯულების მუზეუმი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა