საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 03.05.2016
2016 წლის 3 მაისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსნებლებს: ბორის სილევიჩსა და შერსტინ ლუნდგრენს, ასევე ევროპის საბჭოს სამდინვოს წარმომადგენელს - ბას კლეინს შეხვდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის განხორციელება.
შეხვედრის ფარგლებში ნინო გვენეტაძე დელეგაციის წევრებს ესაუბრა სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების შესახებ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე. ნინო გვენეტაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ სარეფორმო წინადადებებზე, რომელიც ეხება საერთო სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპის დანერგვას, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახალი სტანდარტის შემოღებასა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დახვეწას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, რეფორმის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ინდივიდუალური დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.
შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ: „იუსტიციის უმაღლესი საბჭო დონორი ორგანიზაციების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) იწყებს მუშაობას მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დაწესებულებების ჩართულობით, განსაკუთრებით კი იუსტიციის სამინსიტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ჩართულობით შეიქმნება კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებს საბჭოში სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების, განხორციელების და ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მიწოდების პროცესს“.
შეხვედრის ფარგლებში ნინო გვენეტაძემ სტუმრებს გააცნო სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებთან მიმოიხილა საერთო სასამართლოების სტატისტიკა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებთან და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით.
შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგის რეჟიმში და მას ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში - კრისტიან ურსე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხმსენებელთა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 5 მაისს დასრულდება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა