საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.04.2016
2016 წლის 11 აპრილს უზენაეს სასამართლოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს დელეგაციის მონაწილეობით საკორპორაციო და სახელშეკრულებო სამართლის აქტუალურ საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქ-ნ ნინო გვენეტაძემ; უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის პალატის თავმჯდომარემ, ქ-ნ მზია თოდუამ; დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტმა, ბ-ნ ულრიხ ჰაგენლოხმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბ-ნ იენს დეპპემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების კოორდინატორმა, ბ-ნ თომას მაიერმა.
ქ-ნ ნინო გვენეტაძემ შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაუსვა გერმანელ კოლეგებთან ათწლეულების წინ დაწყებული ტრადიციული თანამშრომლობის მნიშვნელობას ქართული მართლმსაჯულების განვითარებაში და მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მსგავსი ფორმატის შეხვედრების ორგანიზებაში მხარდაჭერისათვის.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოხსენებებით მიმოიხილეს გერმანული და ქართული კანონმდებლობა, ასევე, სასამართლო პრაქტიკა საკორპორაციო და სახელშეკრულებო სამართლის შემდეგ აქტუალურ საკითხებზე: საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, საწარმოს პარტნიორის პასუხისმგებლობა - დელიქტური ნორმებისა და სამეწარმეო სამართლის ნორმების გამოყენება; უმცირესობაში მყოფი პარტნიორის უფლებების დაცვა დივიდენდების განაწილებისას (როდესაც „მსხვილი“ პარტნიორი უარს ამბობს დივიდენდების გაცემაზე; უმცირესობაში მყოფი პარტნიორის უფლებების დაცვის მექანიზმები დახურულ კომპანიებში; რამდენად აქვთ საზოგადოების კრედიტორებს უფლება მოსთხოვონ კომპანიის დირექტორს პირადი ქონებით საზოგადოების ვალდებულებებისთვის პასუხისმგებლობა, როდესაც თვითონ საზოგადოება არ სთხოვს დირექტორს და არ აკისრებს არაჯეროვანი ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობას); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლისას მიღებული შესრულების და სარგებლის დაბრუნების საკითხი, იძლევა თუ არა ფული სარგებელს და როგორ გამოითვლება ეს სარგებელი დ ხელშეკრულებიდან გასვლის დროს შესრულების/სარგებლის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ყოველი მოხსენების შემდგომ დისკუსიის ფორმატში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიციები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა