საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.01.2016
2016 წლის 28 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა - ნილს მუჟნკიეკსმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ევროსაბჭოს კომისრის დასკვნა, რომელშიც შეფასებულია სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა. ნინო გვენეტაძემ განიხილა ის ნოვაციები, რომელსაც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სტანდარტის ამაღლებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის ეფექტურად გამოყენების ჭრილში. ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა ის პროექტები და ღონისძიებები, რომლებსაც სასამართლო ხელისუფლება საერთაშორისო დონორი ორგანიზაცების დახმარებით ახორციელებს სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სასამართლო სისტემაში აქტუალური საკითხების ირგვლივ მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ევროპული სტანდარტის შესაბამისი მართლმსაჯულების დამკვიდრება ურყევ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის ნოემბრის თვეში იმყოფებოდა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა