საქართველოს უზენაესი სასამართლო 06-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.12.2015
2015 წლის 21 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მოსამართლეებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტმა ნანა მჭედლიძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები თემაზე: „საქართველოში დისკრიმინაციის საქმეებზე შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების გზამკვლევი“. მონაწილეებმა მიმოიხილეს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა, კერძოდ, კონსტიტუციის მე-14 მუხლის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ასევე, იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე.
თებერვლის თვეში იგეგმება დისკრიმინაციის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტის ჩამოყვანა და აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სწორედ იმ მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების თავმოყრა, რომელსაც მოსამართლეები პრაქტიკაში აწყდებიან და რომელთა განხილვაც შემდგომ უკვე ექსპერტთან ერთად მოხდება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა