უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები

დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი

დავით ბესარიონის ძე  ხელთუფლიშვილი

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა, შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მიღებულ იქნა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი".საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, 1919 წლიდან შემდეგი 2 წლის მანძილზე უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა დავით ხელთუფლიშვილი.

1921 წელს, რუსეთის წითელი არმიის მიერ განხორციელდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის ოკუპაცია. მათ დაიკავეს თბილისი და გამოაცხადეს ბოლშევიკური ხელისუფლება.

დავით ხელთუფლიშვილი ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და იგი 1921 წელს დახვრიტეს. მისი ბიოგრაფიული მონაცემები სამწუხაროდ ვერ იქნა მოპოვებული.

გალაქტიონ საჩინოს ძე ვაშაძე

გალაქტიონ საჩინოს ძე ვაშაძე

გალაქტიონ ვაშაძე დაიბადა 1880 წელს შორაპნის მაზრის დაბა ჭიათურაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1906 წელს შევიდა პეტერბურგის კომერციულ კურსებზე. ეწეოდა რევოლუციურ მოღვაწეობას.საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო 1921-1923 წლებში.

1938 წელს გახდა ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი.

კონსტანტინე მაქსიმეს ძე ცინცაძე

კონსტანტინე მაქსიმეს ძე ცინცაძე

კონსტანტინე ცინცაძე დაიბადა 1886 წელს ლანჩხუთის რაიონში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჩაება შრომით საქმიანობაში.

აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მუშაობაში. 1921 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზეა. 1922-1924 წლებში მუშაობს უშიშროების კომიტეტის პასუხისმგებელ მუშაკად. 1924-1926 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

1927 წელს გახდა ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი - გადაასახლეს ჯერ ბახჩისარაიში, შემდეგ - იალტაში, სადაც 1931 წელს გარდაიცვალა.

ალექსანდრე ივანეს ძე კაჭარავა

ალექსანდრე ივანეს ძე კაჭარავა

ალექსანდრე კაჭარავა დაიბადა 1896 წელს სოფ. აბაშაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი გაენებებინა და სამუშაო ეძებნა ჯერ ფოთში, შემდეგ ქუთაისსა და ბოლოს ბაქოში, ნავთობის სარეწებში.

1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. სტავროპოლში აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. 1921 წლიდან საქართველოშია და მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე. 1923 წლიდან 1926 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეა. 1926 წლიდან 1928 წლამდე მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

1928 წლიდან მიწათმოქმედების სახალხო კომისარია, შემდეგ "საქჩაის" ტრესტის მმართველი, ხოლო 1936-1937 წლებში - კვების მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. დაიღუპა 1937 წელს ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად.

ილარიონ ილარიონის ძე ტალახაძე

ილარიონ ილარიონის ძე ტალახაძე

ილარიონ ტალახაძე დაიბადა 1894 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ჩიხაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. სოფლის დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში. 1914 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც 1917 წლამდე მსახურობდა.

1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში, სადაც დაინიშნა სამხედრო - რევოლუციური  ტრიბუნალის თავმჯდომარედ. 1921-1922 წლებში სამხედრო-საზღვაო შტაბის კომისარია. 1922 წლიდან 1924 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილედ. 1926 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს პროკურორია.

1928-1931 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.
დიდი სამამულო ომის წლებში მუშაობდა რესპუბლიკის პროკურორად, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მუშაობა საქართველოში სახვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე შეფასებულია უარყოფითად.

ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე

ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე

ივანე ბოლქვაძე დაიბადა 1879 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ სამღვთოში. სოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ 15-16 წლის ჭაბუკი წავიდა ბათუმში, სადაც მოეწყო მოსწავლედ სტამბაში. 1899 წელს გაემგზავრა თბილისში და მუშაობა დაიწყო ლიბერმანის სტამბაში. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ სამუშაოზე.

1931-1937 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დაიღუპა 1938 წელს - ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად.

მიხეილ მელიტონის ძე ისაკაძე

მიხეილ მელიტონის ძე ისაკაძე

მიხეილ ისაკაძე დაიბადა 1896 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ მუხლში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ადგილობრივი დაწყებითი სკოლა და შეუდგა შრომით საქმიანობას.

1918-1919 წლებში მსახურობდა არმიაში. 1921-1922 წლებში სწავლობდა მოსკოვში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ მოწყობილ კურსებზე. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო 1937-1938 წლებში. გარდაიცვალა 1970 წელს.

აკაკი ფარნაოზის ძე ჯავახია

აკაკი ფარნაოზის ძე ჯავახია

აკაკი ჯავახია დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში, 1901 წელს. 1914 წელს დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა თბილისის ცენტრალურ პარტიულ სკოლაში.

1942 წელს დაამთავრა საკავშირო იურიდიული ინსტიტუტის თბილისის ფილიალი. 1926-1933 წლებში მუშაობდა მისამართლედ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, 1934-1937 წლებში უზენაესი სასამართლოს წევრია, ხოლო 1937 წლიდან 1938 წლამდე - საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილე.

1938 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1949 წლამდე. გარდაიცვალა 1972 წელს.

მიხეილ ყარამანის ძე ლომიძე

მიხეილ ყარამანის ძე ლომიძე

მიხეილ ლომიძე დაიბადა 1899 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ლიჩში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1911 წელს დაამთავრა სოფლის დაწყებითი სკოლა, შემდეგ - ჭიათურის საშუალო სკოლა და დაიწყო შრომითი საქმიანობა - მუშაობდა დაწყებითი სკოლის პედაგოგად.

1919 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური კურსები და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება. 1920-1921 წლებში მსახურობდა არმიაში, შემდეგ სხვადასხვა პარტიულ სამუშაოზეა. 1938-1941 წლებში უზენაესი სასამართლოს წევრია.

1941-1942 წლებში - ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარე. 1942-1949 წლებში მუშაობდა სამხედრო პროკურორად. ორჯერ, სხვადასხვა დროს, აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ: 1949-1951 წლებში და 1957-1959 წლებში.

1952-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურორად, 1953 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, ხოლო 1955 წლიდან - იუსტიციის მინისტრი. გარდაიცვალა 1977 წელს.

ბორის ზაქარიას ძე ფურცხვანიძე

ბორის ზაქარიას ძე ფურცხვანიძე

ბორის ფურცხვანიძე დაიბადა 1901 წელს ქუთაისში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1923 წელს, შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე.

1944 წლიდან რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოებშია. 1947 წელს დაინიშნა რესპუბლიკის პროკურორის პირველ მოადგილედ.

1952 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1954 წლამდე პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მუშაობდა ჯერ დოცენტის, შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე, განაგებდა სისხლის სამართლის კათედრას, იყო იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფიები. გარდაიცვალა 1984 წელს.

ისიდორე სამსონის ძე დოლიძე

ისიდორე სამსონის ძე დოლიძე

ისიდორე დოლიძე დაიბადა 1915 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, ღარიბი გლეხის ოჯახში. 1930 წელს დაამთავრა სოფელ მერიის არასრული საშუალო სკოლა, ხოლო 1933 წელს - ბათუმის საამშენებლო ტექნიკუმი. როგორც წარჩინებით კურსდამთავრებულს, რეკომენდაცია მისცეს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

1936 წლამდე სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1936 წელს გაიგზავნა მოსკოვში და სწავლა გააგრძელა იურიდიულ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა ქ. სვერდლოვსკის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც 1938 წელს დაამთავრა. იმავე პერიოდში ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ მეცნიერებათა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში. იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო და სამართლის ისტორიაში საკავშირო სამრთლის აკადემიაში.

დიდი სამამულო ომის წლებში დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო 1954-1957 წლებში.

მიხეილ გიორგის ძე ვეფხვაძე

მიხეილ გიორგის ძე ვეფხვაძე

მიხეილ ვეფხვაძე დაიბადა 1923 წელს ჭიათურის რაიონის სიფელ სავანეში. 1941 წელს საჩხერის რაიონის არგვეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო შრომითი საქმიანობა. 1942 წლიდან 1944 წლამდე არმიაში მსახურობდა.

1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1952 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქალაქ თბილისის პროკურორი.

1959 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1961 წლამდე. საქართველოს სსრ იუსტიიცის სამინისტროს შექმნის შემდეგ, 1971 წლიდან, დაინიშნა სახალხო მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის განყოფილების უფროსად. იყო იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გარდაიცვალა 1974 წელს.

ემენ პართენის ძე ტაკიძე

ემენ პართენის ძე ტაკიძე

ემენ პართენის ძე ტაკიძე დაიბადა 1910 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაღალ ჯუმათში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ჩაება შრომით საქმიანობაში.

1936-1941 წლებში სწავლობდა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 1935 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის რაიონის მოსამართლედ, 1937 წლიდან ამავე რაიონის პროკურორია. შემდეგ პარტიულ სამუშაოზეა. 1955 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ.

1961-1962 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

ვლადიმერ ივანეს ძე მაისურაძე

ვლადიმერ ივანეს ძე მაისურაძე

ვლადიმერ მაისურაძე დაიბადა 1923 წელს საგარეჯოს რაიონის სიფელ ხაშმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-5 საშუალო სკოლა. გაიწვიეს არმიაში - მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1943 წელს, შევიდა თბილისის სახ. უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1947 წლიდან სწავლობს ასპირანტურაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა მოსკოვში და 1951 წელს იქვე დაიცვა დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის უნივერსიტეტში.

1962 წელს აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე იმუშავა 8 წელი. 1970 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრად.

1976 წლიდან სახელმწიფო არბიტრაჟს ხელმძღვანელობდა, გარდაიცვალა 1986 წელს.

სერგო იასონის ძე ქაჯაია

სერგო იასონის ძე ქაჯაია

სერგო ქაჯაია დაიბადა 1908 წელს ქალაქ ბათუმში. 1925 წელს დაამთავრა სამტრედიის რაიონის სოფელ ჯაგელის საშუალო სკოლა.

1927 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1931 წელს. 1938 წლიდან უზენაესი სასამართლოს წევრია. 1941 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც დაჰყო 1946 წლამდე - მუშაობდა ერთადერთი დივიზიის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

1946 წლიდან დაინიშნა რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორად, საიდანაც 1948 წელს გადაიყვანეს ქ. თბილისის პროკურორის მოადგილედ. 1957 წელს აირჩიეს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1970 წელს - თავმჯდომარედ.

1972 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში. გარდაიცვალა 1988 წელს.

აკაკი გრიგოლის ძე კარანაძე

აკაკი გრიგოლის ძე კარანაძე

აკაკი კარანაძე დაიბადა 1927 წელს ქ. დუშეთში მოსამსახურის ოჯახში. 1945 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში.

1950 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. 1958 წლიდან მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სამართლის კათედრაზე. 1971-1984 წლებში ამავე კათედრის დოცენტის თანამდებობაზეა.

1972 წლიდან 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს. აკაკი კარანაძის სახელს უკავშირდება უზენაესი სასამართლოს შენობის აღდგენა- რეკონსტრუქცია და მისი მართლმსაჯულების სასახლედ ქცევა.

1990 წლიდან კვლავ სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდა. იყო იურიდიული მეცნიერებათა კანდიდატი. ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის - სამი მონოგრაფიისა. გარდაიცვალა 1992 წელს.

მინდია  გურამის ძე უგრეხელიძე

მინდია  გურამის ძე უგრეხელიძე

მინდია უგრეხელიძე დაიბადა 1942 წლის 19 მაისს ქ. ქუთაისში. 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1963 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1963-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნირებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტოტუტში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე.

1974 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია;
1975 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე, უძღვება ლქციების კურსს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე.

1983 წელს დაინიშნა საქართველოს კპ ცკ-ის მეცნიერებისა და სასაწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ.
1986 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  პრორექტორია. 1988-1990 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "კომუნისტს", 1990 წლის 14 ნოემბრიდან კი - გაზეთ '"ახალ საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკიდან" მისი გარდაქმნამდე.

1990 წელს 28 ოქტომბერს აირჩიეს საქრთველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტადად, ხოლო 1990 წლის 27 დეკემბერს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

ჩვენში და საზღვარგარეთ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 70-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია.
არის "იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და "სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის" წევრი.

როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და სამართლებრივი რეფორმის სამთავრებო კომისიის თავმჯდომარე, მონაწილეობს საქართველოს ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში.

თანაავტორია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თეორიული მოდელისა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 1999 წლის 25 ივნისს შეუწყდა უფლებამოსილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით.

ლადო ჭანტურია

ლადო ჭანტურია

ლადო ჭანტურია დაიბადა 1963 წლის 14 აპრილს წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში.

1980 წელს დაამთავრა ჯვარის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1985 წელს.

1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1991-1993 წლებში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის სტიპენდიატმა, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქვე დაამთავრა მუშაობა სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც დაიცვა 1994 წელს.

1985-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი და დოცენტი.

1995 წლიდან დღემდე არის ამავე კათედრის პროფესორი.
1992 წლიდან მონაწილეობდა დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს კანონმდებლობის შექმნაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამოქალაქო კოდექსისა და კერძო სამართლის სხვა კანონების შექმნაში.

1993 წლიდან 1996 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი.
1997 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1999-2004 წლებში იყო  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

1996 წელს გერმანიის მაქს-პლანკის საზოგადოების მიერ მიწვეული იყო ჰამბურგში საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში სამუშაოდ.

1992-1995 წლებში, როგორც საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი, მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის მომზადებაში. 1991-1996 წლებში სარედაქციო ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში. 1993-1994 წლებში მისი თანაავტორობით მომზადდა კანონი მეწარმეთა შესახებ.

1993-1996 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში. ამ პროექტის ფარგლებში გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით მრავალი კანონპროექტი მომზადდა, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძო სამართლის რეფორმას საქართველოში.

1996 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში.

2000 წლიდან თავმჯდომარეობდა ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელ ჯგუფს.
2001-2003 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორის კომისიას.
2003 წელს მიიღო ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდია.
არის სამოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე (მათ შორის ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მე-7 ყოველწლიური კონფერენციისა, რომელიც ჩატარდა თბილისში), არის მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 

კონსტანტინე კემულარია

კონსტანტინე კემულარია

კონსტანტინე კემულარია დაიბადა 1954 წლის 4 აპრილს. 1975 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ანალოგია სისხლის სამართლის პროცესში" /მოსკოვი 1985/. არის 14 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი.

2004 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი.

1995-1998 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. 1995-1998 - დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის "ინიურსერვისის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი თბილისში.

1993-1995 წლებში დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის "ინიურსერვისის" გენერალური დირექტორი მოსკოვში.
1992-1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1991-1992 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი, კოლეგიის წევრი. 1989-1991 - ქ. ჭიათურის პროკურორი.

1988-1989 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორი. 1983-1988 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

1980-1983 - მოსკოვის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტი.
1980 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1976-1980 წლებში ქ. ქუთაისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელი. 1975-1976 წლებში ქ. სოხუმის პროკურატურის გამომძიებელი.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 2005 წლის 17 თებერვლიდან ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება.

კონსტანტინე კუბლაშვილი

კონსტანტინე კუბლაშვილი

დაიბადა 1973 წლის 30 მარტს ქ. ტყიბულში.
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1995 წლის აპრილიდან - სექტემბრამდე იყო ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადაც მოამზადა სადიპლომო ნაშრომი "გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები".

1995 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იურისტად.
1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად, ხოლო 1997-98 წლებში  ამავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგედ.

1998-2000 წლებში იყო ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი, სადაც დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა "სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.
2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში "ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად.

2004-2005  წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს  წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

2005 წლის 23 თებერვლიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

იგი გახლავთ არაერთი სამეცნიერო შრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ფლობს გერმანულ, რუსულ ენებს კარგად, საუბრობს ინგლისურ და ესპანურ ენებზე.

2015 წლის 23 თებერვალს შეუწყდა უფლებამოსილება ვადის გასვლის გამო.

ნინო გვენეტაძე

ნინო გვენეტაძე

დაიბადა 1964 წლის 27 იანვარს ქალაქ ხაშურში;

1985-1990  წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარჩინებით დაამთავრა  იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

1990-1993 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი სისხლის სამართლის მიმართულებით;

1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1994-2001 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის  კოდექსის პროექტის შემმუშავებელი - კომისიის წევრი;

1994-1999 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე: მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, საკანონმდებლო განზრახულებათა განყოფილების უფროსი,  საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, საჯარო კანონმდებლობის განყოფილების უფროსი,  საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

1998-1999 წლებში იყო საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;     

1999-2008 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი და ასოცირებული პროფესორი;

1999-2006 წლებში იყო  საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;

2004 წლიდან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის გამგეობის წევრი და პედაგოგი სისხლის სამართალში;

2007 წლიდან 2015 წლამდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროფესორი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;

2010-2012 წლებში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის ექსპერტი;

2011-2014 წლებში იყო გერმანიის ქ. ფრაიბურგის მაქს-პლანკის საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის (MPI) სამეცნიერო სტიპენდიატი და პროექტის  ,,სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარება და სამართლის როლი გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულებაში‘‘- ექსპერტი საქართველოდან;

2011-2012 წლებში - სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი კომისიის წევრი; ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა“ - ექსპერტი;

2012-2014 წლებში-ევროკავშირის ,,კანონის უზენაესობის“ პროექტის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში“ - ექსპერტი;

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი.

2015 წლის 20 მარტიდან-საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

2018 წლის 2 აგვისტოდან შეუწყდა უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე.

აპრილი 2024

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi