დიდი პალატის გადაწყვეტილებანი

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.

დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. 

დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.